ქარელის რაიონის სოფელ დირბში X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მდებარეობს. აქვე მროველ – ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით 2001 წლის პირველ მაისს დედათა მონასტერი დაარსდა.
ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ ფასდაუდებელ საუნჯეს თითქმის სრულიად მიწით დაფარულსა და განადგურებულს ვხედავთ.