დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

Friday, December 13, 2013

დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში



მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არ მოიძებნება ხანა, რომელიც ბავშვის პიროვნების ფორმირებაში აქტიური ჩარევის, აღსაზრდელზე ზემოქმედების ისეთ ფართო შესაძლებლობას აძლევდეს აღმზრდელს, პედაგოგს, როგორსაც დაწყებითი სასკოლო პერიოდი. ამავე დროს, არც ერთ პერიოდში არ დგას აღმზრდელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისას შეუმჩნეველი, გაუცნობიერებელი შეცდომების დაშვების ისეთი დიდი საშიშროების წინაშე, როგორისაც დაწყებით კლასებში. ამ პერიოდში აღმზრდელთა შეცდომები, რომელთა შედეგებიც, ჩვეულებრივ, მოგვიანებით იჩენს თავს, სავალალო დაღს ასვამს მოსწავლის პიროვნებას. უფროს სასკოლო ასაკში პედაგოგების მიერ შემჩნეულ იმ ნაკლოვანებათა გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა, რომლებიც წინა წლებში მოზარდთან არასწორი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია, ხშირად უშედეგოდ მთავრდება.


. . . . . . . . .






Monday, December 9, 2013

33 რჩევა მასწავლებელს!


1. ყოველი დღე ახლით დაიწყე. სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.

Sunday, November 17, 2013

სასკოლო ბლოგების კონკურსი თემაზე „გაიცანით ჩემი რაიონი“


კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის/სოფლის/ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებმა მოკვლეული ინფრომაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოადგინონ ბლოგის სახით.
ბლოგებში სასურველია, ჩანდეს ორი ძირითადი მიმართულების ინფორმაცია: 1. ლოკალური გარემოს ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა, თავისებურებები, რაც მოიცავს რაიონის/სოფლის/ქალაქის შესახებ ინფორმაციის ფართო სპექტრს: გარემოს დაცვითი, ეკონომიკური, სოციალური საკითხები; ადათ-წესები, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები და სხვა,  2. დღეს არსებული პრობლემები და საჭიროებების ანალიზი. სასურველია მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა გარემოს პერსპექტივებისა და მომავალი განვითარების კუთხით.
 კონკურსის პირობები:
  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის 3-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდს;
  • საკონკურსო მასალების შემუშავებაში უნდა მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობა დასაშვებია გუნდისთვის სწორი მიმართულებების მისაცემად;
  • ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უშუალოდ იმ რაიონის/სფლის/ქალაქის შესახებ, სადაც ცხოვრობენ კონკურსანტები;
  • ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია („ჩვენ  შესახებ“), რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონკურსანტების შესახებ (ასევე საკონტაქტო ინფორმაცია);
  • თითოეული სკოლა სამინისტროში წარმოადგენს 1 ან 2 საუკეთესო ნამუშევარს; ბლოგების ელექტრონულ მისამართი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით: konkursebi@mes.gov.ge;  ელ-ფოსტის (“subject”) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სკოლის სრული სახელწოდება;
  • სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ  პირველ ეტაპზე შერჩეული ბლოგების ავტორები სამინისტროში გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.
  • გამარჯვებულების რაოდენობას და დაჯილდოების პრინციპს შეიმუშავებს საკონკურსო კომისია. (გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუარებით);
ბლოგების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ბლოგის  სტრუქტურა;
2.  კვლევითი კომპონენტი და სხვადასხვა სახის კომპონენტების შერჩევა - სისტემატიზაცია; 
3. არსებული პრობლემების იდენტიფიცირების ადექვატურობა და გადაჭრის გზების ეფექტურობა;
4. მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი;
5. გამოყენებული წყაროები და ბიბლიოგრაფია;

6. ვებგვერდის/ბლოგის  დიზაინი და ჩაშენებული მოდულები;

კონკურსის ჩატარების ვადები

  •  ბლოგების მოსამზადებელი სამუშაოები - 21 ოქტომბერი - 11 ნოემბერი;
  • სკოლების მიერ საუკეთესო ბლოგების შერჩევა -არაუგვიანეს 13 ნოემბრისა;
  • სკოლების მიერ სამინისტროში საკონკურსო მასალის გადმოგზავნა - არაუგვიანეს 15 ნოემბრისა;
  • სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ I ეტაპზე შერჩეული ბლოგების გამოვლენ ა-25 ნოემბრისა;
  • I ეტაპზე გამარჯვებული ბლოგების პრეზენტაციები -2-3 დეკემბერი;
  • საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა - 4 დეკემბერი.

კონკურსის ორგანიზტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველო. ტელ: 231 89 40 (შიდა ნომრები 1187, 1177);



Thursday, November 14, 2013

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

201წლის 20 თებერვალს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას


www.uropeanschool.ge
კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის
მიზნობრივი ჯგუფითბილისი და რუსთავის სკოლების  მასწავლებლები.
კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,  სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

Friday, November 8, 2013

"ერნას გამოფენა - დაუჭრელი ისტორიები"


ერნა დოლმაზოვი  -   ხელოვნების   მასწავლებელი.
12 ნოემბერს გეპატიჟებით ქარვასლაში 

"ერნას გამოფენა - დაუჭრელი ისტორიები"



Friday, October 25, 2013

სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვს აღარ მიიღებს?

სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვს აღარ მიიღებს? „კვლევების თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის. ამ ასაკის ბავშვის საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არ არის.“ 

შესაძლოა, 5 წლის ასაკის ბავშვი სკოლაში აღარ მიიღონ. განათლების და მეცნიერების სამინისტრო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშობს. როგორც Aris.ge-განათლებას მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, ცვლილებები შეეხება როგორც სერთიფიცირებული პედაგოგების სტატუსს, ასევე, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანას. 

გიგაურის თქმით, სკოლაში მოსწავლის მისაღები ასაკი კანონი განსაზღვრული იქნება. 

ქალბატონო ლია, რას გულისხმობს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები? 

პრაქტიკულად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2015 წლისთვის სერთიფიცირებული პედაგოგები არ გვეყოლება. ეს მუხლი კანონში აღარ იქნება. შესაბამისად, ვმუშაობთ პედაგოგთ პროფესიული გადამზადების ახალ სქემაზე. 

რაც შეეხება სკოლაში 5 წლის ასაკში ბავშვის მიღები წესს, კანონით ასაკი შეიზღუდება თუ არა? 

სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის განსაზღვრა მოხდება. ამ ეტაპზე, სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვს იღებს, რადგან ეს დაშვებულია, მაგრამ ასაკთან დაკავშირებით კანონში ცვლილებას შევიტანთ. ამჟამად, ამ თემას განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით ორი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგების თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის, ამ ასაკის ბავშვის საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არ არის. ფოკუს-ჯგუფებში ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. 








Wednesday, September 25, 2013

Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი



კონკურსის “Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“ მონაწილეებისთვის ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ინტერნეტ საკონსულტაციო შეხვედრა.

დასწრების ინსტრუქცია: http://sdrv.ms/19DiOql
შეხვედრის ბმული: https://join.microsoft.com/meet/a-shotam/WY8DR084


Tuesday, September 24, 2013

2013 წლის გამოსაშვები გამოცდები - განრიგი


2013 წლის გამოსაშვები გამოცდები - განრიგი
გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ცენტრალიზებულად, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით (CAT) ჩატარდება.

პირველ საგამოცდო დღეს, 09:00 საათზე მეთორმეტეკლასელები გეოგრაფიის დავალებებზე დაიწყებენ მუშაობას. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.

გამოცდების დაწყებამდე ყველა მოსწავლე საკუთარ სკოლაში მიიღებს საგამოცდო ბარათს, რომელზეც მითითებულია 4-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.

მოსწავლე მითითებულ დღეს და საათზე უნდა გამოცხადდეს შესაბამის სკოლაში და გაიაროს რეგისტრაცია. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა და კალამი. დასაშვებია მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთებისა და პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა.

2013 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი:


12 ოქტომბერი - გეოგრაფია;

13 ოქტომბერი - ფიზიკა;

14 ოქტომბერი - ბიოლოგია;

15 ოქტომბერი - ქიმია.
საქართველოს განათლებისა და მეცმიერების სამინისტრო

Friday, September 6, 2013

პედაგოგთა სერთიფიცირების გამოცდას პრაქტიკული ნაწილიც დაემატება


პედაგოგთა სერთიფიცირების გამოცდას პრაქტიკული ნაწილიც დაემატებაგამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ბანკისგან 300 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. როგორც ARIS.GE-ს ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, გრანტის თანხა პედაგოგთა სერთიფიცირების გამოცდების დახვეწას მოხმარდება. ამ მიზნით ცენტრი აქტიურ მუშაობას იწყება, - აღნიშნა მიმინოშვილმა. მისი თქმით, გამოცდები თეორიულ ნაწილში გაგრძელდება,თუმცა, ‘’ზოგადად პროცესი არასრულყოფილია და დახვეწას საჭიროებს."

პროექტი ორწლიანია. მიმინოშვილის თქმით, პირველი ეტაპი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, შესაბამისი მოდელის არჩევას დაეთმობა. 
"გამოცდების თეორიული ნაწილი - პროფესიული უნარები, საგნის, სწავლების მეთოდიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ყველაფერს პედაგოგი კლასში მუშაობის დროს რამდენად იყენებს, ეს შეფასების მიღმა რჩება. ეს პროცესი კომპლექსური უნდა იყოს, რომელიც ამის შეფასების საშუალებას მოგვცემს. პირველი ეტაპია გამოცდილების გაზიარება; რა მოგვწონს, ჩვენთან რა არ იმუშავებს.პედაგოგს, რომელსაც გამოცდაზე ერთი ქულა აკლდება, საშუალება უნდა მიეცეს, რომ ეს ქულები პრაქტიკული ნაწილით დააბალანსოს." - აღნიშნა მიმინოშვილმა.

პროექტის განხორცილება 2014 წლიდან დაიწყება. 


Monday, August 26, 2013

კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“

კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“
 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, მათ შორის იმათ, ვისაც წინა კონკურსებში ჰქონდათ წარდგენილი. შესაძლებელია იგივე პროექტებით მონაწილეობა (შერჩევისას არ იქნება გათვალისწინებული წინა შეფასებები). კონკურსში გამარჯვება საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული განვითარების პროგრესული მეთოდოლოგიის პროგრამაში, რომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც გულისხმობს. Microsoft-ი მოგაწვდით ხელსაწყოებს და მხარდაჭერას, რაც თქვენი კოლეგების მენტორობაში დაგეხმარებათ.
Microsoft-ი გლობალური მასშტაბით შეარჩევს მასწავლებლებს. პროგრამის შერჩეული მონაწილე გაემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე ბარსელონაში, სადაც შეხვდება Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21-ე საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის. წელიწადში ერთხელ Microsoft-ი იწვევს ინოვაციური მასწავლებლების და ინოვაციური სკოლის პროგრამებში მონაწილეებს ენერგიულ და თანამშრომლობით კონფერენციაზე. ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები, სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილეობისთვის მასწავლებელმა უნდა

1.      წარმოადგინოს განხორციელებული სასწავლო პროექტი. მიიღება ის პროექტებიც, რომლებიც უკვე წარმოდგენილი იყოს წინა კონკურსებში (შეფასება ხდება თავიდან).
2.      შეავსოს აპლიკაცია
3.      შექმნას 2-3 წუთიანი ვიდეო თავისი პროექტის შესახებ
4.      ყველაფერი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ონლაინ, პორტალზე pil-network.com (ინსტრუქცია იხ. ფაილში)
ვადები
·         აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2013
·         მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებულების გამოვლენა: 5 ნოემბერი, 2013
·         მსოფლიო ფორუმი: 11-14 მარტი, 2013. ბარსელონა, ესპანეთი.
საკონტაქტო ელფოსტა: geopilforum@teacher.org.ge ; ტელეფონი: 577 533933



გადმოწერეთ მიმაგრებული ფაილი: 


Tuesday, August 20, 2013

სწავლების საწყის ეტაპთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების გზები

თარიღი: 16 აგვისტო 2013
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
მთელი სასკოლო პერიოდი, პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე, სირთულეებითაა აღსავსე. ამაში ბრალი უმთავრესად აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელ ასაკობრივ თავისებურებებს მიუძღვის.
პირველ სერიოზულ პრობლემას სასკოლო ცხოვრების დასაწყისშივე ვაწყდებით და ის ბავშვის სკოლისათვის მზაობის საკითხს უკავშირდება.
ნებისმიერი მშობელი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა მისი შვილი სკოლის ზღურბლს გადააბიჯებს. პირველი დღე ბავშვისთვისაც დიდ მღელვარებასთან არის დაკავშირებული - იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მომავალში მისთვის სკოლა, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ არის მომზადებული ის სწავლის დასაწყებად. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ თუ ბავშვს შეუძლია წერა-კითხვა და თვლა, ის სკოლისთვის მზად არის, განურჩევლად იმისა, შეუსრულდა თუ არა სასკოლო ასაკი და აქვს თუ არა ფიზიკური და სოციალური მზაობა სწავლის დასაწყებად. წერა-კითხვის ცოდნა ხშირად ხელის შემშლელ ფაქტორადაც კი იქცევა და მნიშვნელოვნად აქვეითებს ბავშვის სასწავლო მოტივაციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთ ბავშვს იმ მოწაფეების გვერდით უწევს სწავლა, რომლებიც ახლაღა, სკოლაში შესვლის შემდეგ, იწყებენ ანბანის შესწავლას. უმჯობესია, წერა-კითხვის სწავლების ნაცვლად სკოლამდელ პერიოდში მშობლებმა ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, ნებისყოფისა და მოსმენის უნარის განვითარებაზე იზრუნონ. ამით ისინი დიდ სამსახურს გაუწევენ სკოლასაც და საკუთარ შვილსაც, ვინაიდან სასწავლო საქმიანობა სწორედ აღნიშნული უნარების განვითარებას მოითხოვს. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სკოლაში სიხარულით მოსული ბავშვი სწრაფად კარგავს სწავლისადმი ინტერესს. ამ მოვლენის მიზეზთა ძიებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სკოლაში შემოსვლისა და მოსწავლის როლის მიღების შემდეგ ბავშვის ცხოვრების რეჟიმი და უფროსების მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები თითქმის სრულიად იცვლება. სკოლამდელ პერიოდში ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია, ის თამაშით ცხოვრობს და თამაშით ვითარდება. სკოლაში შემოსვლის შემდეგ თამაშს სწავლა ენაცვლება. ბავშვს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება თავისი საყვარელი საქმიანობისათვის. უფრო მეტიც, ხშირად მას საერთოდ უკრძალავენ თამაშს იმ მიზეზით, რომ გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი და საშინაო დავალება - დასაწერი. ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება სწავლისადმი შეიძლება გამოიწვიოს ასევე უფროსების მხრივ მისი სასწავლო საქმიანობის მუდამ უარყოფითმა შეფასებამ და გაუთავებელმა შენიშვნებმა. სასკოლო სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების შესამუშავებლად და ცხოვრების ახალ ეტაპზე უმტკივნეულოდ გადასასვლელად სასურველია საშუალება მივცეთ ბავშვს, დროის გარკვეული ნაწილი კვლავ თამაშს დაუთმოს. უფრო მეტიც - გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ სასწავლო საქმიანობაში და დავალებების შესრულების დროს აქტიურად გამოვიყენებთ თამაშის ელემენტებს. ამით საგრძნობლად გავაძლიერებთ ბავშვის სასწავლო ინტერესს და სწავლას მისთვის უფრო მიმზიდველს გავხდით. სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება ასევე რაც შეიძლება მეტი დადებითი კომენტარის გამოყენება ბავშვის სასწავლო საქმიანობის შეფასების დროს და უარყოფით კომენტარებსა და საყვედურებზე უარის თქმა. უნდა გავითვალისწინოთ: დაწყებითი კლასების მოსწავლე, სწავლების პირველ წელს მაინც, თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებით ცდილობს მიცემული დავალებების შესრულებას, და თუ, ასეთი დიდი მცდელობის მიუხედავად, მან მაინც ვერ მოახერხა დავალების ჩვენთვის მოსაწონად შესრულება, მას გაკიცხვა და საყვედურები კი არა, დახმარება სჭირდება. ნებისმიერ მშობელს სურს, მისი შვილი საუკეთესო იყოს, საუკეთესო განათლება მიიღოს და რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს ცხოვრებაში, ამ მიზნის მიაღწევად კი სკოლაში შეყვანის პირველივე დღეებიდან მაქსიმალურად ტვირთავს ბავშვს და ნაკლებად ითვალისწინებს მის ასაკობრივ თუ ინდივიდუალურ თავისებურებებს. შესაძლებლობებითა და პიროვნული მახასიათებლებით ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თუ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში, ვეცადოთ, მისი სულ მცირე წარმატებაც კი არ დავტოვოთ უყურადღებოდ და სათანადოდ შევაფასოთ მისი საქმიანობა. დადებითი კომენტარები დაეხმარება ბავშვს, ერთი მხრივ, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებაში და, მეორე მხრივ, განვითარების ხელშემწყობი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. დადებითი კომენტარები ბავშვს თანატოლთა წრეში თვითდამკვიდრებასა და ჯგუფთან სოციალური ადაპტაციის წარმატებით განხორციელებაშიც დიდ დახმარებას გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დაწყებით კლასებში, უფროსების შეფასების სფუძველზე მოპოვებული სოციალური სტატუსი განსაზღვრავს უახლოეს მომავალში ბავშვის როგორც ქცევას, ასევე სასწავლო საქმიანობასაც. ხელსაყრელი სოციალური სტატუსი და თანატოლთა მხრივ აღიარება, რომელსაც სასკოლო სწავლების პირველივე დღეებში ეყრება საფუძველი, წარმატებების მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ განწყობა-დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების სწორად ჩამოყალიბება გაცილებით ადვილია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა. კორექციული მუშაობა საკმაოდ რთულ პროცესად არის მიჩნეული და სასურველი შედეგის მიღწევაც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. თუ სწავლების პირველ წლებში აქტიურად დავეხმარებით ბავშვს, უმტკივნეულოდ და წარმატებით გაიაროს სკოლასთან ადაპტაციის პროცესი, უახლოეს მომავალში მის განვითარებაში შედარებით ნაკლები პრობლემები გვექნება.
მაგრამ იმისთვის, რომ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე პედაგოგმა შეძლოს ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესისთვის სწორი გეზის მიცემა და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც სასკოლო სწავლების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს, მას გარკვეული წინაპირობები სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სასკოლო ასაკის სწორად განსაზღვრა. ბოლო წლებში ხუთწლიანთა სწავლებაზე გადასვლამ სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა როგორც სკოლა და მასწავლებელი, ასევე მშობელიც. სასკოლო ასაკის ხუთ წლამდე შემცირება იმ პირობებში, როდესაც პირველი კლასის მოქმედი სასწავლო სტანდარტი და პირველკლასელთა სასკოლო სახელმძღვანელოები ექვსწლიანებისთვის არის შექმნილი, დიდ თავსატეხს უჩენს ჩვენს პედაგოგებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხუთწლიანებთან სასწავლო პროცესში სერიოზული ცვლილებების შეტანის უფლება მიეცათ და ამისთვის მრავალი მათგანი სპეციალურად გადამზადდა კიდეც, ისინი ხშირად გაურბიან ძირეულ ცვლილებებს, ვინაიდან ხვდებიან, რომ ასეთ პირობებში შესაძლოა დროის დეფიციტმა იჩინოს თავი და წლის ბოლოს პირველი კლასის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა გაუჭირდეთ. ფსიქოლოგიაში ხუთიდან ექვს წლამდე პერიოდი სერიოზული ცვლილებების ხანად არის ცნობილი. ამ პერიოდში ერთ თვეში კი არა, შეიძლება ერთ კვირაშიც ისეთი ცვლილებები მოხდეს ბავშვის განვითარებაში, რომ მისი სკოლისათვის მზაობის დონე სრულიად შეიცვალოს. ამდენად, ხომ არ აჯობებდა, რომ ბავშვს არასასკოლო გარემოში მშვიდად გაევლო სასკოლო სწავლისთვის მოსამზადებელი პერიოდი, რათა უფრო მომზადებული შეხვედროდა სკოლაში სწავლის დაწყებას?
საყურადღებოა, რომ მშობლები ხშირად ძალიან ჩქარობენ ბავშვის, განსაკუთრებით კი პირველი შვილის სკოლაში მიყვანას. შესაძლოა, ეს მათ ქვეცნობიერად ბავშვთან დაკავშირებული გეგმების სწრაფად განხორციელების ილუზიას უქმნის. ბევრი მშობელი ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანას მაშინაც ახერხებდა, როდესაც კანონით სასკოლო სწავლების საწყისი ასაკი 6 წელი იყო, თუმცა მოგვიანებით, როცა ბავშვის სასკოლო სწავლებისას სერიოზულ პრობლებებს წააწყდებოდნენ, სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებდნენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს. იქნებ ღირდეს ასეთი შემთხვევების გაანალიზება და მათი სათანადოდ შეფასება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ერთი წელი უფროსებისთვის ბევრს არაფერს წყვეტს, ბავშვისთვის კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამდენად, ალბათ საჭიროა, სერიოზული ანალიზისა და განსჯის საგნად ვაქციოთ ხუთწლიანთა სწავლების საკითხი, იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ სასკოლო სწავლების საწყისი ასაკი და პირველკლასელთა სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო გავხადოთ როგორც ბავშვისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც, ყოველივე ეს კი მომდევნო სასკოლო ეტაპზე უამრავი სირთულის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.



Monday, August 12, 2013

ბავშვი და კომპიუტერი



ჩვენს დროში, ინფორმაციის საოცარი მოზღვავების ჟამს, კომპიუტერმა ფართოდ შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში. ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ტექნიკის ამ საოცრების გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ის უკვე ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივი მოხმარების საგნად იქცა.
კომპიუტერთან ურთიერთობას ბავშვი ადრე იწყებს - 2,5-3 წლისა უკვე ერთობა განმავითარებელი პროგრამებითა და კომპიუტერული თამაშებით, რომლებიც ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, რეაქციის სისწრაფეს, ხელის მოტორიკას, აცნობს ბავშვს ასოებს, რიცხვებს და გარემომცველი სამყაროს სხვა რეალიებს. პატარებს ძალიან უყვართ ინტერაქტიული სათამაშოები. სწორედ ასეთი სათამაშოა მათთვის კომპიუტერიც.
ბევრი ბავშვისთვის კომპიუტერი ყველაფერია, გონიერი მანქანა თითქმის მთლიანად ავსებს მათ ცხოვრებას. საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად უმცროსკლასელები და სკოლამდელებიც კი საათობით სხედან მონიტორის წინ. ეს მშობლებს აშფოთებთ, თუმცა მათი მცდელობა, აუკრძალონ შვილებს კომპიუტერით დიდხანს გართობა, ამაოა.
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერი უბრალოდ აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. ძალიან სასარგებლო წამალიც კი ჭარბი დოზით საწამლავად იქცევა.
* მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ შესაძლოა ავნოს ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მაშინ როდესაც მისი რაციონალური გამოყენება არათუ საზიანო არ არის, არამედ დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია.
* მონიტორზე სწრაფად ცვალებადი გამოსახულებების დიდხანს ყურება ვნებს მხედველობას, ამიტომ არ შეიძლება კომპიუტერთან განუსაზღვრელ ხანს ჯდომა: 5-6 წლის ბავშვისთვის ოპტიმალურია 10-15 წუთი, 7-8 წლისასთვის - 30-40 წუთი, 9-10 წლისასთვის - 30-45 წუთი, მერე კი შესვენებაა საჭირო. კომპიუტერთან ურთიერთობისა და დასვენების სწორი მონაცვლეობით ბავშვს მხედველობას დავუზოგავთ.
უნდა ვარიდოთ ბავშვი კომპიუტერს ცუდი განათების პირობებში. მხედველობაზე გავლენას ახდენს მანძილიც მონიტორიდან თვალებამდე - ის 50 სმ-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს, რათა მზერა მიმართული იყოს პერპენდიკულარულად, ეკრანის ცენტრისკენ. ბავშვი უნდა იჯდეს გამართული ან ოდნავ წინ წახრილი, ხელები თავისუფლად უნდა ეწყოს მაგიდაზე. თავად მაგიდა კარგად განათებულ ადგილას უნდა იდგეს, მაგრამ ისე, რომ სხივი ეკრანს არ ეცემოდეს. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის პოზას კომპიუტერთან ჯდომის დროს. ერთსა და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნამ სკოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები რომ არ გამოიწვიოს, სასურველია, ბავშვი სპორტსაც მისდევდეს. ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებაში მოხერხებული ავეჯიც დაგვეხმარება - მაგიდა, სკამი ან სავარძელი ბავშვისთვის ზედმიწევნით კომფორტული უნდა იყოს.
* კომპიუტერით გატაცებული და ემოციურად დამუხტული ბავშვი ხშირად ვერ გრძნობს დაღლას და განაგრძობს მუშაობას, და თუ ეს სასწავლო პროგრამა კი არა, უბრალო კომპიუტერული თამაშია, ბავშვი შესაძლოა რამდენიმე საათიც ვერ მოსწყდეს კომპიუტერს. ასეთი რეჟიმის შედეგად ბავშვი გამუდმებით აღგზნებული, გაღიზიანებული და უმართავია, სძინავს ცუდად, ხშირად იღვიძებს და აღვიძებს მშობლებს. კომპიუტერით გატაცებული, კომპიუტერზე დამოკიდებული ბავშვი ნაკლებ დროს უთმობს სწავლას. კომპიუტერთან საათობით ჯდომის გამო ბავშვი ხშირად კარგავს რეალობისა და დროის შეგრძნების უნარს, იწყებს ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროში. არის შემთხვევები, როდესაც ასეთ მოზარდს უჭირს ხალხთან ცოცხალი, მეტყველებითი ურთიერთობა, ახასიათებს ემოციების სიძუნწე - ნამდვილი, ლაღი სიცილი, ღიმილი მისთვის უცხოა. ამ შემთხვევაში უნდა შემცირდეს კომპიუტერთან ურთიერთობის ხანგრძლივობა, შევთავაზოთ ბავშვს მხოლოდ ხარისხიანი, ასაკის შესაფერისი კომპიუტერული პროგრამები. კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზაა ყურადღების გადატანა სხვა საქმიანობაზე - სპორტზე, ხელოვნებაზე. თუ ამით ბავშვთან ერთად მშობლებიც დაინტერესდებიან, პროცესი დაჩქარდება.
ხშირად კომპიუტერზე დამოკიდებულებას ხელს უწყობს ოჯახის წევრებს შორის არსებული გაუგებრობა და გაუცხოება, სკოლაში არსებული მტრული დამოკიდებულება.
მშობლებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინიათ, კომპიუტერულმა თამაშებმა ფსიქიკა არ დაუზიანოს ბავშვს. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი რეგულარულად უნდა ადევნებდეს თვალყურს, რით არის დაკავებული კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი. კარგი იქნება, თუ მშობელი პედაგოგთან კონსულტაციების შემდეგ თვითონვე შეურჩევს ბავშვს ისეთ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც ნერვულ დაძაბულობას კი არ გამოიწვევს, არამედ, პირიქით, შემეცნება-განვითარებას შეუწყობს ხელს. ძალადობის, სისასტიკის ამსახველი და სისხლიანი სცენები არამც და არამც არ არის რეკომენდებული; უმჯობესია, ბავშვს შევთავაზოთ ის, რაც ემოციურ და ინტელექტუალურ პოტენციალს განუვითარებს.
კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების შერჩევისას ინდივიდუალური თავისებურებებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ჰიპერაქტიურობისკენ მიდრეკილი ბავშვი უნდა თამაშობდეს აუჩქარებელ, შედარებით მშვიდ თამაშებს, ხოლო ზედმეტად აუღელვებელსა და მშვიდს უფრო დინამიკური თამაშები სჭირდება. მნიშვნელოვანია თამაშის რიტმიც - თუ ბავშვი დაძაბულია, ხშირად უნდა შეისვენოს.
* გაუმართლებელია კომპიუტერის გამოყენება ბავშვის დასასჯელად ან წასახალისებლად. მთავარია, ბავშვის ენერგია წარვმართოთ სწორად - შევურჩიოთ ხარისხიანი თამაშები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც შევძლებთ, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ პატარა მომხმარებლის გამოცდილება და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. კომპიუტერთან ურთიერთობა მხოლოდ გართობა კი არ უნდა იყოს ბავშვისთვის, შემეცნებითი საქმიანობის ელემენტებსაც უნდა შეიცავდეს.
* კომპიუტერს აქვს კიდევ ერთი ნაკლი - გამოსხივება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ისეთივეა, როგორიც დედამიწის რადიაციული ფონი. კარგი კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ნორმატივებს აკმაყოფილებს, თუმცა ოთახში, სადაც მუშაობს კომპიუტერი, იცვლება ჰაერის მახასიათებლები, ტემპერატურამ შესაძლოა 26-27 გრადუსამდე მოიმატოს, ტენიანობა 40-60%-მდე ქვეითდება, ნახშირორჟანგის რაოდენობა იმატებს. ყოველივე ეს შრომის უნარს ვნებს. ბავშვები მტკივნეულად რეაგირებენ ჰაერის ასეთ ცვლილებებზე. მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ყელის სიმშრალე, დაეწყოთ ხველა.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება უსაფრთხოების წესების დაცვა:
* კომპიუტერი უნდა დაიდგას კუთხეში ან კედელთან ისე, რომ მისი უკანა მხარე კედლისკენ იყოს მიქცეული.
* კომპიუტერი არ უნდა დაიდგას საწოლ ოთახში.
* ოთახი, სადაც კომპიუტერი დგას, ყოველდღე სველი წესით უნდა ლაგდებოდეს. არ არის სასურველი ოთახში ხალიჩების დაფენა.
* მუშაობამდე და მუშაობის შემდეგ კომპიუტერი სპეციალური საწმენდით უნდა გაიწმინდოს.
* მიიჩნევა, რომ ჩვენი მწვანე მეგობრები, კაქტუსები, ასევე ამცირებენ კომპიუტერის ნეგატიურ ზემოქმედებას.
* ოთახი ხშირად უნდა განიავდეს. აკვარიუმი ან ნებისმიერი სხვა წყლით სავსე ჭურჭელი ზრდის ჰაერის ტენიანობას.

თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, კომპიუტერი ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას.

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს სასწავლო მოტივაცია


ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე - ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.
როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 - მე-8 კლასებში.

ძირითადი სასწავლო მოტივები
* სწავლის პრესტიჟულობა კლასში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა.
* სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა.
* შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები.
* მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
* სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.
* თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.
* პედაგოგების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება პედაგოგების მხრივ.
* მშობლების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება მშობლების მხრივ.
* დასჯის შიში გვიჩვენებს, რა მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის გარშემო მყოფთა მიერ მისი დასჯა, გაკიცხვა სასწავლო წარუმატებლობის გამო. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია დასჯის შიში, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასაჯონ, არ გაკიცხონ, არ ეჩხუბონ.
* სკოლის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს მოსწავლისთვის დასჯის, გაკიცხვის მნიშვნელობას პედაგოგების მხრივ; იმას, რამდენად ეშინია ბავშვს, პედაგოგებმა წარუმატებელ, უუნარო მოსწავლედ მიიჩნიონ.
* ოჯახის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ოჯახის მხრივ დასჯის, გაკიცხვის საფრთხე; შიში, მშობლებმა და ახლობლებმა იგი წარუმატებელ და უუნარო მოსწავლედ არ აღიქვან.
* სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან - როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.
* ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.
* არასასწავლო სასკოლო მოტივაცია. გვიჩვენებს მოსწავლეთა დაინტერესებას, უპირველეს ყოვლისა არასაგაკვეთილო საქმიანობებით (კონცერტებით, გამოფენებით, ზეიმებით და ა.შ.) და არა უშუალოდ გაკვეთილით. მოსწავლეები, რომლებთანაც მოტივაციის ეს ტიპი დომინირებს, სიამოვნებით დადიან სკოლაში, აქტიურად, თუმცა უხალისოდ, მონაწილეობენ არასაგაკვეთილო ღონისძიებებში და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სწავლობენ. კარგი იქნება, თუ ასეთი მოსწავლეებისთვის, განათლებისა და სწავლის პრესტიჟულობის ამაღლების მიზნით, სკოლაში ხშირად გაიმართება ისეთი ღონისძიებები (ვიქტორინები, კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.), სადაც მათ თავიანთი ცოდნისა და განათლების დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. თუ ასეთ ღონისძიებებსა და კონკურსებში გამარჯვება მათთვის სასურველი ჯილდოთი (მაგალითად, ექსკურსიით, ლაშქრობით) აღინიშნება, მათ უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ ახალგაზრდებს მასში მონაწილეობისთვის, ცოდნის, განათლების გამომჟღავნებისა და გამარჯვებისთვის. ამასთან ერთად, აღნიშნული ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ის სასწავლო პროცესის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდეს.
* თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი - სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა. სასურველია, რომ სკოლა მუდმივად აკონტროლებდეს აღნიშნულ კომპონენტებს სასწავლო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად.

ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
წყარო

Thursday, July 11, 2013

გილოცავთ პეტრე–პავლობას!

ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს, წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, სწორედ ამიტომ მათ „მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები ეწოდებათ.

ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

პეტრე პირველი დღიდან ქრისტეს ერთგული მოწაფე იყო, პავლე კი ქრისტეს მტერი. მას არ სჯეროდა ქრისტესი.

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო იონას ძე, სიმონის ტომიდან. გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში დაიბადა. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის – არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა. მათთან ერთად კაპერნაუმში სახლობდა. ოჯახს მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა.
პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას მხოლოდ იუდეველებს უქადაგებდნენ.

პეტრე უბრალო მეთევზე იყო, მაგრამ მან პირველმა აღიარა ქრისტე ღვთის ძედ. როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, პეტრე მოციქულმა სიმდაბლით ითხოვა ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ, რადგან თავი უფლის მსგავსად წამების ღირსად არ მიიჩნია.

“საქმე მოციქულთას” მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე, თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში.

პავლე მოციქული თავიდან ქრისტიანთა მოძულე იყო. ერთხელ, გზაზე ზეციდან გარდამომავლი ნათელი იხილა და მიწაზე დაცემულს ხმა ჩაესმა: “პავლე, პავლე, რატომ მდევნი მე? “ვინ ხან შენ, უფალი?” – ჰკითხა შეძრწუნებულმა პავლემ. “მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი”. – პავლე დაბრმავდა და მხოლოდ მაშინ აეხილა თვალი, როცა მოინათლა. ის შემდეგ ის ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა.

ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში – არაბეთიდან ესპანეთამდე. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა წმინდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი – ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში. საბოლოოდ ქრისტიანთა მტრებმა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

წმ. პავლეს მიეკუთვნება ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე.


ოჯახური ურთიერთობების რღვევა და ბავშვის ფსიქიკური განვითარება

ოჯახური ურთიერთობების რღვევა, განურჩევლად მიზეზისა, მწვავე ემოციური განცდების საფუძველია. განსაკუთრებით რთულდება ვითარება, როცა ოჯახში ბავშვი იზრდება, მეუღლეები კი დაცილებას გადაწყვეტენ. არცთუ იშვიათად ცოლ-ქმარი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს, რათა ტრავმა არ მიაყენოს ბავშვს, მაგრამ მათი ყოველდღიური ფარული თუ აშკარა დაძაბული ურთიერთობა პატარასთვის ორმაგად მატრავმირებელი ხდება.


 ქეთევან ოსიაშვილი


Wednesday, June 12, 2013

გილოცავთ ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

orthodoxy.ge

Google-ის ოფისი ლონდონში


ლონდონში GOOGLE-ის ოფისის დიზაინზე მუშაოდა სტუდია PENSON. ოფისში რომლის საერთო ფართი აღემატება 14865 კვ.მ. წარმოდგენილია სხვადასხვა თემატური ზონები, მათ შორის მთავარი მისაღები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, კაფე, რესტორანი და სხვა დანიშნულების სამუშაო ან გასართობი ოთახები, ქალაქზე პანორამული ხედებით.

                                                                                                       წაიკითხედ სრულად

Monday, June 3, 2013

დირბის “მიდგომილი ღვთისმშობელი” – უშვილოთა და ორსულთა შემწე

დირბის ღვთისმშობლის ფრესკა

ქარელის რაიონის სოფელ დირბში X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მდებარეობს. აქვე მროველ – ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით 2001 წლის პირველ მაისს დედათა მონასტერი დაარსდა. 
ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ ფასდაუდებელ საუნჯეს თითქმის სრულიად მიწით დაფარულსა და განადგურებულს ვხედავთ.

Monday, April 29, 2013

რა აღმოაჩინეს ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე


image

კუბას სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიის ფსკერზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე გიგანტური ქალაქია განლაგებული. ქალაქის ცენტრში სფინქსის რამდენიმე ქანდაკებაა განლაგებული.ასევე ოთხი უზარმაზარი პირამიდა.

Thursday, April 25, 2013

ჩვენ ვსწავლობთ, ვმუშაობთ

II დონის ტრენინგი ქ თბილისის N141 საჯარო სკოლაში. ტრენინგის მსვლელობის დროს ააწყო მსმენელმა ფიქრია თედიაშვილმა.


Friday, February 8, 2013

როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული ტექსტი, ისე, რომ აღარ დაგვავიწყდეს



image

მოსგვლიათ, როდესაც წიგნს / ჟურნალს / სტატიას კითხულობთ და ფიქრებში გაერთობით, შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ბოლო რამდენიმე წამში წაკითხული ტექსტი საერთოდ აღარ გახსოვთ? დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჰქონია ეს პრობლემა, რაღაც დოზით მაინც. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება, ამისთვის არსებობს რამოდენიმე რჩევა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ.