დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

Monday, August 12, 2013

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს სასწავლო მოტივაცია


ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე - ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.
როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 - მე-8 კლასებში.

ძირითადი სასწავლო მოტივები
* სწავლის პრესტიჟულობა კლასში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა.
* სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა.
* შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები.
* მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
* სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.
* თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.
* პედაგოგების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება პედაგოგების მხრივ.
* მშობლების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება მშობლების მხრივ.
* დასჯის შიში გვიჩვენებს, რა მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის გარშემო მყოფთა მიერ მისი დასჯა, გაკიცხვა სასწავლო წარუმატებლობის გამო. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია დასჯის შიში, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასაჯონ, არ გაკიცხონ, არ ეჩხუბონ.
* სკოლის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს მოსწავლისთვის დასჯის, გაკიცხვის მნიშვნელობას პედაგოგების მხრივ; იმას, რამდენად ეშინია ბავშვს, პედაგოგებმა წარუმატებელ, უუნარო მოსწავლედ მიიჩნიონ.
* ოჯახის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ოჯახის მხრივ დასჯის, გაკიცხვის საფრთხე; შიში, მშობლებმა და ახლობლებმა იგი წარუმატებელ და უუნარო მოსწავლედ არ აღიქვან.
* სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან - როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.
* ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.
* არასასწავლო სასკოლო მოტივაცია. გვიჩვენებს მოსწავლეთა დაინტერესებას, უპირველეს ყოვლისა არასაგაკვეთილო საქმიანობებით (კონცერტებით, გამოფენებით, ზეიმებით და ა.შ.) და არა უშუალოდ გაკვეთილით. მოსწავლეები, რომლებთანაც მოტივაციის ეს ტიპი დომინირებს, სიამოვნებით დადიან სკოლაში, აქტიურად, თუმცა უხალისოდ, მონაწილეობენ არასაგაკვეთილო ღონისძიებებში და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სწავლობენ. კარგი იქნება, თუ ასეთი მოსწავლეებისთვის, განათლებისა და სწავლის პრესტიჟულობის ამაღლების მიზნით, სკოლაში ხშირად გაიმართება ისეთი ღონისძიებები (ვიქტორინები, კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.), სადაც მათ თავიანთი ცოდნისა და განათლების დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. თუ ასეთ ღონისძიებებსა და კონკურსებში გამარჯვება მათთვის სასურველი ჯილდოთი (მაგალითად, ექსკურსიით, ლაშქრობით) აღინიშნება, მათ უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ ახალგაზრდებს მასში მონაწილეობისთვის, ცოდნის, განათლების გამომჟღავნებისა და გამარჯვებისთვის. ამასთან ერთად, აღნიშნული ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ის სასწავლო პროცესის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდეს.
* თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი - სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა. სასურველია, რომ სკოლა მუდმივად აკონტროლებდეს აღნიშნულ კომპონენტებს სასწავლო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად.

ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
წყარო

No comments:

Post a Comment